Friday, November 15, 2019

                                           ეს საინტერსოა

მეცნიერებმა შექმნეს ნივთიერებები, რომლებიც თითქოს არღვევენ ფიზიკის კანონებს.
იხილეთ ბმულზე: 

Sunday, October 6, 2019

               მიღწევები:    სტატუსი-მენტორი.


დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, სოხუმის დაცემის ტრაგიკულ დღეს სასიხარულო ამბავი გავიგე: მენტორი გავხდი. მას მერე ერთი კვირა გავიდა. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გავიაზრე, რამხელა პასუხისმგებლობა მაკისრია სკოლისა და ჩემი მოსწავლეების მიმართ. ეს სტატუსი მოვალეს მხდის, რომ გაათმაგებული ძალით გავაგრძელო მუშაობა, შევეცადო, მოსწავლეებს შევაყვარო ფიზიკა, აღმოვაჩენინო მრავალი ახალი საინტერესო კანონზომიერება და რაც მთავარია, მე თვითონაც გავიზარდო პროფესიულად. ნათქვამია: „თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა“.
    მასწავლებლისთვის მთავარი ჯილდო კი მოსწავლეთა სიყვარულია.



Sunday, July 7, 2019


                               პროექტებში მონაწილეობა

2013 წელს ვიყავი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტ “PROFILES”-ის მონაწილე. იქ მე და ჩემმა კოლეგებმა დავამუშავეთ და ადაპტირება გავუკეთეთ რამოდენიმე სასწავლო მოდულს. ერთ-ერთი იყოვინ არის დამნაშავე?“,  ეს გაკვეთილების ციკლი შეეხება ცხოვრებისეულ სიტუაციას, როდესაც ქვეითად მოსიარულეს დაეჯახება ავტომობილი. მონაცემებზე დაყრდნობით გამოსაძიებელია, თუ რა სიჩქარით მოძრაობდა მანქანა. აქ საჭიროა ხახუნის ძალისა და კინემატიკის ცოდნა.   ეს მოდული  წარმატებით დავნერგე მე-91 კლასში. ამავე პროექტის ფარგლებში დამუშავებული და ადაპტირებული მოდულიკოკა-კოლაასევე წარმატებით დავნერგეთ მე-9 კლასებში. მოსწავლეებმა შეადარეს ჩვეულებრივი კოკა-კოლისა დაკოკა-კოლა ზერო“- სიმკვრივეები და გამოიტანეს დასკვნა, რომ ჩვეულებრივი კოკა-კოლა დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. ამ მოდულის ჩატარებისას მოსწავლეებმა  გამოიყენეს თავიანთი ცოდნა სიმკვრივის შესახებ და დარწმუნდნენ, რომ ჯანსაღი კვება არ გულისხმობს დიდი რაოდენობით შაქრის შემცველ სასმელების ხშირ გამოყენებას. ამ აქტივობებით მოსწავლეებს უვითარდებათ ცოდნის ტრანსფერის უნარი, რადგან მოიაზრება  სამივე საბუნებისმეტყველო საგნის ცოდნა.



Friday, June 14, 2019

            კვლევის შედეგების გაზიარება


2019 წლის 11 ივნისს სსიპ ქალაქ თბილისის 128 სკოლაში ჩატარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების  საჭიროებების  კვლევის შედეგების გაზიარება, რომელიც ჩაატარა ფიზიკის წამყვანმა პედაგოგმა ქეთევან სადრაძემ.  საკვლევი თემა იყო „საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის მიზეზების დადგენა და ამ პრობლემის მოგვარების გზების ძიება“. შეხვედრას ესწრებოდნენ საბუნებისმეტყველო და ასევე სხვა კათედრების წარმომადგენლებიც.შეხვედრაზე დამსწრე პედაგოგებმა დადებითად შეაფასეს კვლევის შედეგები.







Thursday, June 13, 2019

                                  სამოდელო გაკვეთილი

31.05.19 9-1 კლასში ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი: "სინათლის დისპერსია". სამოდელო გაკვეთილის ჩატარება განაპირობა იმან, რომ სინათლის დისპერსია ძალიან საინტერესო მოვლენაა, რომლის შესწავლაც მოითხოვს ოპტიკის კანონების კომპლექსურ ცოდნას. იმისათვის, რომ მოსწავლეებმა კარგად გაიაზრონ ეს კანონები და ამ კანონების საფუძველზე გააკეთონ დასკვნა, თუ რატომ ხდება სინათლის დისპერსია, გადავწყვიტე ამ თემაზე პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი ჩამეტარებინა. პრობლემა მდგომარეობდა იმაში, თუ რატომ შლის პრიზმა თეთრ სინათლეს შემადგენელ ფერებად.
მოსწავლეებმა ჯგუფებში ჩაატარეს ექსპერიმენტები, რითაც დარწმუნდნენ, რომ სინათლის სხივი ფუძისკენ გადაიხრება. მიიღეს სპექტრი თეთრი სინათლის და პრიზმის საშუალებით, ასევე სარკისა და წყლიანი ჯამის საშუალებით. ვირტუალური ლაბორატორიის საშუალებით მოსწავლეები გაეცნენ ფერთა ხედვის პრინციპებს.
 
გაკვეთილის მიზანი მიღწეულ იქნა. მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ აქტივობები.







Monday, June 10, 2019

                          კონფერენცია


2019 წლის  6  ივნისს თსუ-ს ბაზაზე ჩატარდა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სსიპ- ქალაქ თბილისის 128 საჯარო სკოლის ერთობლივი მოსწავლეთა სასკოლო-შემეცნებითი კონფერენციის „განათლება თანამედროვეობის მხარდამხარ“ დასკვნითი ტური. 
კონფერენციაში საბუნებისმეტყველო საგნებიდან  27  მოსწავლე მონაწილეობდა. ფიზიკის თემები იყო:  შავი ხვრელი“-ს.კავთელაძე, ნ.გოგეშვილი, მ.ვეფხვაძე (112),  „ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა“-ე.ოგანოვა, ნ.შატბერაშვილი (112)  „გალაქტიკა“-ა.იმედაშვილი, ხ.სტურუა, მ.კობახიძე (102),   „მომავლის ტრანსპორტი“-მ.გაჩეჩილაძე, ს.კალანდარიშვილი  (111). 
    მოსწავლეებმა  ძალიან საინტერესოდ წარმოაჩინეს თემები. დამსწრე მოსწავლეებმა მრავალი საინტერესო ინფორმაცია გაიგეს სხვადასხვა საკითხებზე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისგან შემდგარმა კომისიამ დადებითად შეაფასა ყველა ნაშრომი და მოსწავლეებს სეტიფიკატები გადასცა.









                                          კლასგარეშე აქტივობა


2019 წლის 29 აპრილს ჩვენს სკოლაში ჩავატარე ლექცია თემაზე: სამყაროს წარმოშობისა და განვითარების თანამედროვე თეორიები“.  ლექციას ესწრებოდნენ მე-9, მე-10, მე-11 კლასების დაინტერესებული მოსწავლეები. ველაპარაკე დიდი აფეთქების თეორიაზე და სტანდარტულ მოდელზე. მოსწავლეებმა დიდი დაინტერესება გამოიჩინეს საკითხის მიმართ. ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რის დროსაც მოსწავლეები იცავდნენ თავიანთ მოსაზრებებს და არგუმენტირებულად მსჯელობდნენ. ლექციამ საინტერესოდ ჩაიარა.







                                                            პროექტები

101 , 102 კლასებში ჩატარდა ორი მინი პროექტი  „ვასწავლოთ ფიზიკა ჩვენზე პატარებს“ და „სახალისო ფიზიკა“. 
102 კლასში ჩატარდა  მინი პროექტი  „ვასწავლოთ ფიზიკა ჩვენზე პატარებს“, რაც გულისხმობდა იმას, რომ მოსწავლეებს უნდა შეექმნათ მინი-სახელმძღვანელო მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის, სადაც თვითონ აუხსნიდნენ წინა კლასის მოსწავლეებს იმ საკითხებს, რომლებშიც თვითონ კარგად ერკვეოდნენ.
101 კლასში ჩატარდა მინი პროექტი  „სახალისო ფიზიკა“, სადაც მოსწავლეებს უნდა შეექმნათ ფიზიკის თემაზე სახალისო აქტივობებით დატვირთული კრებული და ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ. ორივე პროექტი წარმატებით შესრულდა.










Sunday, May 26, 2019

    კვლევის დღიური

2019 წლის 17 მაისს სსიპ ქალაქ თბილისის 128 სკოლის მოსწავლეები ვიზიტით იმყოფებოდნენ  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.    ეს იყო ერთ- ერთი ვიზიტი, რომელიც დაგეგმილი არის  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების კვლევის ფარგლებში, რომელსაც ატარებს ფიზიკის პედაგოგი ქეთევან სადრაძე, საბუნებისმეტყველო კათედრასთან თანამშრომლობით. საკვლევი თემა არის „საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის მიზეზების დადგენა და ამ პრობლემის მოგვარების გზების ძიება“. ილიაუნში მასპინძლობა გაგვიწია მასწავლებელთა სახლის ფიზიკის ექსპერტმა ნუგზარ მოსულიშვილმა. მან მოსწავლეებს დაათვალიერებინა ფიზიკის ლაბორატორია, რომელიც უახლესი ხელსაწყოებითა და დანადგარებით არის აღჭურვილი. მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა ექსპერიმენტის ჩატარების სპეციფიკას, ზოგადად, ექსპერიმენტის ჩატარების  მნიშვნელობას მეცნიერების შესწავლის პროცესში. ბატონმა ნ. მოსულიშვილმა, რომელიც აგრეთვე არის CERN-ის (ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაცია) თანამშრომელი, მოსწავლეებს გააცნო მეცნიერების უახლესი მიღწევები მსოფლიო მასშტაბით, ესაუბრა ცერნში მიმდინარე თანამედროვე კვლევებზე და მათ შედეგებზე. მოსწავლეებს უამრავი შეკითხვა ჰქონდათ, რაზედაც ბატონმა ნუგზარმა ამომწურავად უპასუხა.  მოსწავლეები ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ ვიზიტით.





მოსწავლეებმა ილიაუნში აგრეთვე დაათვალიერეს ბიოლოგიის ცოცხალი კუთხე, სადაც მრავალი ექსპონატი იყო. მათი ინტერესი გამოიწვია ქვეწარმავლების, ასევე მწერებისა და მღრღნელების განყოფილებებმა.



Tuesday, May 21, 2019

                                      კვლევის დღიური

2019 წლის 6 მაისს სსიპ ქალაქ თბილისის 128 სკოლის მოსწავლეები ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტში.    ეს იყო ერთ- ერთი ვიზიტი, რომელიც დაგეგმილი არის  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების კვლევის ფარგლებში, რომელსაც ატარებს ფიზიკის პედაგოგი ქეთევან სადრაძე, საბუნებისმეტყველო კათედრასთან თანამშრომლობით. საკვლევი თემა არის „საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის მიზეზების დადგენა და ამ პრობლემის მოგვარების გზების ძიება“. 
მოსწავლეებს მასპინძლობა გაუწია კიბერნეტიკის ინსტიტუტის სწავლულმა მდივანმა გიორგი მუმლაძემ, ამავე ინსტიტუტის  მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორმა ნიკოლოზ მარგიანმა და  მეცნიერ-თანამშრომელმა  ია  ქვარცხავამ. 
მეცნიერებმა მოსწავლეებს ჩაუტარეს მინი ლექცია ზეგამტარების თემაზე, გააცნეს ამ დარგის თანამედროვე მიღწევები, აჩვენეს მათ მიერ მიღებული ზეგამტარული მასალები. მოსწავლეები გაეცნენ ამ მასალების მიღების ტექნოლოგიას, ნახეს ის აღჭურვილობა და დანადგარები, რაც ამ მასალების მიღებისთვის არის აუცილებელი. მათგან ზოგიერთი უნიკალურია. მათ შორის არის ნანოწისქვილი, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის ზეგამტარული მასალების მიღებას. მეცნიერთა ეს ჯგუფი ძალიან წარმატებულია, მათი მიღწევები აღიარებულია  მრავალ საერთაშორისო კონფერენციაზე და გამოქვეყნებულია ავტორიტეტულ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში. მათ მიერ მიღებულ ნიმუშებს აქვთ საკმაოდ მაღალი გადასვლის ტემპერატურა (100K-120K) და მაღალი კრიტიკული დენის სიმკვრივე (500 ა/სმ2).
მოსწავლეთათვის ძალიან სასარგებლო იყო მეცნიერებთან შეხვედრა. მათ მრავალი საინტერესო ფაქტი გაიგეს მეცნიერების ცხოვრებიდან,  გაეცნენ მეცნიერული მუშაობის სპეციფიკას. მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები იყვნენ ვიზიტით, მათ გამოთქვეს სურვილი, თავადაც დაუკავშირონ მომავალი პროფესია მეცნიერებას.







2019 წლის 14 მაისს სსიპ ქალაქ თბილისის 128 სკოლის მოსწავლეები ვიზიტით იმყოფებოდნენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის  რ.აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში.    
მოსწავლეებმა დაათვალიერეს არაორგანულ ნაერთთა ფიზიკურ ქიმიური ლაბორატორია, სადაც გაეცნენ კოორდინაციულ ნაერთთა სინთეზისა და კვლევის პრინციპებს. თერმოქიმიის ლაბორატორიაში ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა თ. მაჩალაძემ მოსწავლეებს აუხსნა ნივთიერების გარდაქმნის თანმხლები პროცესები კალციუმის ოქსალატის ნიმუშზე.
ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის ლაბორატორიაში ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორმა რ. გიგაურმა მოსწავლეებს აჩვენა საქართველოში არსებული მინერალური ნედლეულის ნიმუშები, აუხსნა მათი გამოტუტვის მეთოდები. მოსწავლეევბმა ნახეს მიკრობიოლოგიურად გამოტუტული ოქრო, რომელიც წარმოადგენს ნანო მასალას. ამავე ლაბორატორიის უფროს მეცნიერ თანამშრომელმა დ. ძანაშვილმა მოსწავლეებს გააცნო რენტგენული დიფრაქტომეტრიის მუშაობის პრინციპები.
მოსწავლეები ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ ვიზიტით. მათ ბევრი რამ გაიგეს, თუ როგორ გამოიყენენება ქიმია ყოფა-ცხოვრებაში.







Monday, May 20, 2019

                                         კვლევის დღიური

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების კვლევის ფარგლებში, „საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის მიზეზების დადგენა და ამ პრობლემის მოგვარების გზების ძიება“,  რომელსაც ატარებს ფიზიკის პედაგოგი ქეთევან სადრაძე, საბუნებისმეტყველო კათედრასთან თანამშრომლობით, დაგეგმილი იყო ვიზიტები სხვადასხვა კვლევით ინსტიტუტებში და უნივერსიტეტებში.
2019 წლის 16 აპრილს 128-ე სკოლის მოსწავლეები ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრნენ. მათ დაათვალიერეს ფიზიკის ლაბორატორიები, შეხვდნენ რობოტიკის კლუბის წევრებს და ნახეს მათი შექმნილი რობოტები. მოსწავლეთათვის ყველაზე საინტერესო იყო პროფესორ დავით სონღულაშვილის მიერ შექმნილი ვირტუალური ლაბორატორია, სადაც  მრავალი ფიზიკური პროცესის მოდელირებაა შესაძლებელი.  მოსწავლეებმა თვითონ მიიღეს მონაწილეობა რამოდენიმე ვირტუალური ცდის,  ასევე ვირტუალურ-რეალური ცდის ჩატარებაში.  პროფესორმა დაწვრილებით აუხსნა მათ სხვადასხვა ტექნოლოგიის მოქმედების პრინციპი,  გასცა მათ კითვებზე პასუხები. მოსწავლეებმა გამოთქვეს  საგაკვეთილო პროცესში ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენების სურვილი. მათ ძალიან მოეწონათ სტუმრობა ტექნიკურ უნივერსიტეტში.


                                                     






2019 წლის 23 აპრილს 128-ე სკოლის მოსწავლეები ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტს ესტუმრნენ. ბიოლოგიური სისიტემების ფიზიკის განყოფილებაში მათ უმასპინძლეს მეცნიერ-თანამშრომლებმა ნელი საპოჟნიკოვამ და ლელა ტუღუშმა. მათ მოსწავლეებს აჩვენეს  უახლესი სისტემის ატომურ-აბსორბციული სპექტრომეტრი „AAnalyst 800“, რომლის საშუალებითაც იზომება ქიმიური ელემენტები და ხდება მათი კონცენტრაციის დადგენა სხვადასხვა ნიმუშებში (მცენარეულ და ცხოველურ ნიმუშებში, ბაქტერიებში, წყალში, ნიადაგში და ა.შ.),  ვერტიკალური და ჰორიზონტალური გელ-ელექტროფორეზის აპარატები, სადაც ხდება საკვლევი ნიმუშების ფრაქციონირება. მაგ. ცილის ხსნადი და უხსნადი ფრაქციების მიღება, დნმ-ის მიღება, და სხვა. მეცნიერებმა მოსწავლეებს აუხსნეს როგორ ხდება სხვადასხვა პროდუქტში მძიმე მეტალების განსაზღვრა, რისი ცოდნაც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის.
ვიზიტი ძალიან სასარგებლო იყო მოსწავლეთათვის. მათ ბევრი რამ გაიგეს ფიზიკისა და ბიოლოგიის ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების თაობაზე.

Wednesday, May 15, 2019


მოსწავლეებო, გთხოვთ გახსნათ ბმულები და გასცეთ პასუხი ვიქტორინის კითხვებზე. კითხვები არის ოპტიკის თემიდან და შეესაბამება მე-9 კლასის მისაღწევ შედეგებს.


https://learningapps.org/watch?v=puvr4s3e519          ოპტიკა-1

https://learningapps.org/watch?v=p1tpdomsa19         ოპტიკა-2

https://learningapps.org/watch?v=pnkayah6519         ოპტიკა-3

https://learningapps.org/watch?v=p3osymgok19        ოპტიკა-4

https://learningapps.org/watch?v=pi53hx08j19            ოპტიკა-5 

https://learningapps.org/watch?v=pg42fk3mt19         ოპტიკა-6


Thursday, May 9, 2019

                                          2019 წლის გამოკითხვა

პატივცემულო მასწავლებლებო, მოსწავლეებო და მშობლებო, გთხოვთ უპასუხოთ კითხვარს:

1. რატომ ითვლება ფიზიკა რთულ საგნად?
1.1  იგი დაკავშირებულია მათემატიკასთან;
1.2  სკოლაში არასათანადოდ ასწავლიან;
1.3 ფიზიკის სწავლას აუცილებლად სჭირდება განსაკუთრებული ნიჭი;
1.4 (დაწერეთ თქვენი პასუხის ვარიანტი)

2. შეიძლება თუ არა ფიზიკის სწავლა მხოლოდ თეორიულად?
2.1  არა
2.2  კი, თუ კარგი სახელმძღვანელო გაქვს.
2.2  კი, თუ კარგი მასწავლებელი გყავს.
2.3  (დაწერეთ თქვენი პასუხის ვარიანტი)

3. როგორ ფიქრობთ, რომელი აქტივობები ზრდის ფიზიკის სწავლის მოტივაციას?
3.1  ექსპერიმენტების ჩატარება;
3.2  გასვლითი გაკვეთილები;
3.3  ჯგუფური მუშაობები,
3.4  პროექტები;
3.5  (დაწერეთ თქვენი პასუხის ვარიანტი)

4.  რატომ უკავშირებენ ახალგაზრდები ნაკლებად თავიანთ მომავალ პროფესიას ფიზიკას?
4.1 სირთულის გამო;
4.2 უპერსპექტივობის გამო;
4.3 ნაკლებად ანაზღაურებადობის გამო;
4.4 საზოგადოებაში ჩამოყალიბებული სტერეოტიპების გამო;
4.5 (დაწერეთ თქვენი პასუხის ვარიანტი)

5.  რა უნდა გაკეთდეს, რომ ფიზიკამ დაიბრუნოს პოპულარობა?
5.1 სკოლაში სწავლების დონე ამაღლდეს;
5.2 ლაბორატორიები აღიჭურვოს;
5.3 სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს პოპულარიზაცია;
5.4 (დაწერეთ თქვენი პასუხის ვარიანტი)